პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ქვეკომპონენტი ითვალისწინეს ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოს შექმნას.

დაფინანსდება შემდეგი კულტურების ახალი შემნახველი საწარმოების მოწყობა:

  • ციტრუსოვანი;
  • კურკოვანი;
  • კენკროვანი;
  • თესლოვანი;
  • სუბტროპიკული;
  • კაკლოვანი;
  • ბოსტნეული;
  • მარცვლეული;
  • ბაღჩეული;
  • ყურძენი.

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლია მეწარმე იურიდიულ პირს, რომელშიც  სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას. 

ამასთანავე, აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირდეს:

  • ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში
  • სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში

გავრცელების გეოგრაფიული არეალი

ქვეკომპონენტი ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

მარცვლეულის შემნახველი საწარმოს დაფინანსება შესაძლებელია ქ. ბათუმსა და ქ. ფოთში.

სააგენტოს თანადაფინანსება: პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%, არაუმეტეს  2,000,000 ლარი.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 45%, არაუმეტეს  2,000,000 ლარი.

პოტენციური ბენეფიციარის/ბენეფიციარის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტით (გარდა ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის ქვეკომპონენტისა) სარგებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ბენეფიციარისთვის ფაქტობრივად გადახდილი/გადასახდელი სესხის საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსების ოდენობა გამოაკლდება პროექტის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გასაცემ თანადაფინანსების თანხას.

პროექტის ჯამური  ღირებულება  უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500,000 ლარს.

წარმოადგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოს შექმნას და თანადაფინანსდება მხოლოდ ძირითადი საშუალებები:

  • შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დამატებული ღირებულების გადასახადის, დანადგარების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულების ჩათვლით;
  • საწარმოთა შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფა. 

პროექტის განხორციელების ვადა

სააგენტო ბენეფიციარს განუსაზღვრავს პროექტის შესრულების ვადას. 

პროექტის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეს

განსაზღვრულ ვადებში პროექტის შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო წყვეტს ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებას. 

 

კრიტერიუმები და ვალდებულებები 

შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 ტონას;

მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება პროექტის განხორციელება, პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში, არ უნდა ედოს ყადაღა და რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სახელმწიფოსგან საპრივატიზებო პირობებით შეძენის შემთხვევაში,  საპრივატიზებო პირობები უნდა იყოს სრულად შესრულებული და მიწის ნაკვეთი უნდა წარმოადგენდეს შემძენის უპირობო საკუთრებას.  

იხილეთ შემნახველი საწარმოს განსაზღვრული სტანდარტები

ბენეფიციარი ვალდებულია, პროექტის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები (მათ შორის, შენობა-ნაგებობები) იპოთეკით და გირავნობით  დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადით.

ამავდროულად, დასაშვებია, სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარი/მოგირავნე სესხის გამცემი ბანკია.

პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების ოდენობა არ აღემატება 1,000 ლარს ან საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.

 

ზოგადი პირობები:

  • მონაწილეობას შეძლებენ ის პოტენციური ბენეფიციარები, რომლებსაც არ აქვთ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.
  • წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა მოიცავდეს კომპონენტის შესაბამისად დასაშვები ხარჯების მთლიან ოდენობას.
  • შესაძლებელია დაფინანსდეს აუდიტორული დასკვნის საფასური, თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების არაუმეტეს 1%, მაგრამ არაუმეტეს 20,000 ლარს. თანადაფინანსების თანხა გათვალისწინებული იქნება ბენეფიციარზე გასაცემი სააგენტოს თანადაფინანსების ლიმიტში. 
  • ბენეფიციარის მიერ პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით. 
  • შესასყიდი ძირითადი საშუალებები (დანადგარი/აღჭურვილობა/ტექნიკა/იმპლემენტი) უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი).
  • პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას და ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ გაიცემა თუ: 
    • პოტენციური ბენეფიციარი ან არსებული ბენეფიციარი, მისი დამფუძნებელი, მეპაიე ან აქციონერი, ფლობს წილს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირში, რომელიც პროექტის ფარგლებში წარმოადგენს შესაბამისი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელს;
    • თავად ინდივიდუალური მეწარმე წარმოაჩენს საკუთარ თავს საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებლად;
    • პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი ან მისი წარომადგენელი არის ხელმძვანელი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში. 
    • ის ბენეფიციარები, ვისთანაც გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება, თანადაფინანსებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში არ ექნებათ მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.

ზოგადი ვალდებულებები:

  • თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, არ გაასხვისოს პროექტის ფარგლებში შექმნილი და დაფინანსებული ქონება, ასევე აღნიშნული ქონების ნაწილი ან მასთან დაკავშირებული აქტივები და მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა პროექტი.  

დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება.

  • თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს პროექტის ფუნქციონირება მხოლოდ იმ მიზნობრიობისა და პროფილის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია პროგრამითა და/ან ხელშეკრულებით.
  • მშენებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს პროექტის ფარგლებში შექმნილი შენობა/ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი.
  • უზრუნველყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით ინფორმაციის სააგენტოსთვის წარდგენა პროექტის მიმდინარეობის შესახებ. 

ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება  ან სააგენტო უფლებამოსილია განუსაზღვროს ბენეფიციარს დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად.

თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ეტაპები

შემნახველი  საწარმოების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურდება წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნითა და სააგენტოს მიერ ადგილზე კონტროლის  განხორციელებით. 

მშენებლობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ საქართველოს კანონმდებლობით გაცემული მშენებლობის ნებართვა. 

არანაკლებ 200,000 ლარის ღირებულების სამშენებლო/სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა დასტურდებოდეს:

  • სსიპ - აკრედიტაციის ეროვნულო ორგანოს (აკრედიტაციის ცენტრის) მიერ აკრედიტირებული პირის დასკვნით
    ან 
  • სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით

ბენეფიციარი ვალდებულია თანადაფინანსების გაცემამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა  პროექტი დატვირთოს  იპოთეკით სააგენტოს სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

ამავდროულად, დასაშვებია სააგენტოს იპოთეკა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია სესხის გამცემი ბანკი. 

სააგენტო უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელოს ადგილზე კონტროლი და დოკუმენტური მონიტორინგი.

სიახლეები