პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ქვეკომპონენტის ფარგლებში, სესხი გაიცემა ბენეფიციარებზე, რომლებიც ყურძენს შეიძენენ საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით და სააგენტო განახორციელებს ყურძნის შესაძენად და ბრენდის წარმოებისათვის საჭირო მასალების შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას.

 

ფინანსდება ბრენდის წარმოებისათვის საჭირო მასალების შეძენა:

  • ბოთლი
  • საცობი
  • ჩაჩი
  • ეტიკეტი
  • ყუთი

სესხის  გაცემა დასაშვებია ყოველი წლის 20 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე.

ქვეკომპონენტით სარგებლობისთვის პოტენციური ბენეფიციარი უნდა დარეგისტრირდეს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში.

გავრცელების გეოგრაფიული არეალი

კომპონენტის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.

 

სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ საწარმოებზე. 

სესხის ლიმიტი: არანაკლებ 20,000 ლარიდან არაუმეტეს 30,000,000 ლარის ჩათვლით

სესხის ვადა: არაუმეტეს 36 თვე 

ბენეფიციარი ვალდებულია, სესხის (გარდა რეფინანსირებული სესხებისა) გაცემიდან 12  თვის ვადაში სესხის ხარჯვის მიზნობრიობის დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა. თუ აღნიშნულ ვადაში ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტოს მხრიდან შეწყდება თანადაფინანსების შეთანხმება. 

აუდიტორული დასკვნით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარსა და სესხის გამცემ ბანკს შორის ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.

სესხის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. სესხის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა, იყოს ფიქსირებული ან მცურავი (ცვლადი):

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 16%-ისა
150,001 ლარიდან 500,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს 15%-ისა
500,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 14%-ისა
1,500,001 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 13%-ისა
5,000,001 ლარიდან 30,000,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 12%-ისა;

 

მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

 

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს საქართველოს  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა
150,001 ლარიდან 500,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა
500,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა
1,500,001 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5%-ისა
5,000,001 ლარიდან 30,000,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4%-ისა

 

სააგენტოს მიერ სესხის პროცენტის თანადაფინანსება: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით.

სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, ბენეფიციარის მიერ სესხის გადახდის პარალელურად.

სესხის პროცენტის თანადაფინანსების გაცემა მოხდება მას შემდეგ, რაც ბენეფიციართან გაფორმდება შედარების აქტი და განისაზღვრება სესხის გადახდის საბოლოო გრაფიკი.

სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საშეღავათო პერიოდს, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.

სესხის ის პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლით, დარეგულირდება შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტის თანადაფინანსების განსაზღვრული პირობებით. 

 

ზოგადი პირობები 

  • ბენეფიციარის მიერ პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ თანადაფინანსების  შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით.
    მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია შესყიდვა განხორციელდეს ფიზიკური პირისგანაც.
  • პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას და ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ გაიცემა თუ: 
    • პოტენციური ბენეფიციარი ან არსებული ბენეფიციარი, მისი დამფუძნებელი, მეპაიე ან აქციონერი, ფლობს წილს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირში, რომელიც პროექტის ფარგლებში წარმოადგენს შესაბამისი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელს;
    • თავად ინდივიდუალური მეწარმე წარმოაჩენს საკუთარ თავს საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებლად;
    • პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი ან მისი წარომადგენელი არის ხელმძვანელი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში.

 

პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს :

  • ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში.

 

სიახლეები