პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ქვეკომპონენტის ფარგლებში პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალი (გარდა ენერგოეფექტური ღუმელების წარმოებისა) გადამამუშავებელი საწარმოს  შექმნას შემდეგი მიმართულებით:

  • ხორცის გადამუშავება, დაკონსერვება და ხორცის პროდუქტების წარმოება; 
  • რძის პროდუქტების წარმოება;
  • ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება და დაკონსერვება;
  • კაკლისა და სხვა კაკლოვანი კულტურების (გარდა თხილისა) გადამუშავება; 
  • მატყლის, ტყავისა და ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის გადამუშავება; 
  • ჩაის გადამუშავება; 
  • ეთერზეთების, დაფნის, სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; 
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზის კომბინირებული საკვების წარმოება; 
  • საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება და  მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);
  • თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება; 
  • თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება;
  • ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება; 
  • ბრიკეტების, პელეტების წარმოება, ასევე მათგან და/ან ხე-ტყის და/ან დაფნის ნარჩენებისგან ნახშირის წარმოება;
  • ენერგოეფექტური ღუმელ(ებ)ის წარმოებისთვის ახალი საწარმოს შექმნა ან არსებული საწარმოს მოდერნიზება/გაფართოება.  

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლია მეწარმე იურიდიულ პირს, რომელშიც  სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას. 

ამასთანავე, აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირდეს:

  • ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში
  • სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში

გავრცელების გეოგრაფიული არეალი

ქვეკომპონენტი ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

ენერგოეფექტური ღუმელ(ებ)ის წარმოებისთვის ახალი საწარმოს შექმნა ან არსებული საწარმოს მოდერნიზება/გაფართოება ფინანსდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

სააგენტოს თანადაფინანსება: პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%, არაუმეტეს 2,000,000 ლარი.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 45%, არაუმეტეს 2,000,000 ლარი.

პოტენციური ბენეფიციარის/ბენეფიციარის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტით (გარდა ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის ქვეკომპონენტისა) სარგებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ბენეფიციარისთვის ფაქტობრივად გადახდილი/გადასახდელი სესხის საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსების ოდენობა გამოაკლდება პროექტის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გასაცემ თანადაფინანსების თანხას.

პროექტის ჯამური ღირებულება  უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500,000 ლარს, ხოლო ღვინის წარმოების შემთხვევაში − არანაკლებ 1,000,000  ლარს.

შესაძლებელია, დაფინანსდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნა:

  • შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დამატებული ღირებულების გადასახადის, დანადგარების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულების ჩათვლით;
  • საწარმოთა შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფა. 

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ბიზნესგეგმა და ფინანსური უწყისები, რომელსაც განიხილავს კომისია. 

წარმოდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალი საწარმოს  შექმნას.

აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ენერგოეფექტური ღუმელების წარმოებაზე.

ღვინის წარმოების შემთხვევაში დაფინანსდება მხოლოდ დანართით N14 დაშვებული კრიტერიუმების და ხარჯების შესაბამისი საწარმო.

პროექტის განხორციელების ვადა

სააგენტო ბენეფიციარს განუსაზღვრავს პროექტის შესრულების ვადას. 

პროექტის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეს

განსაზღვრულ ვადებში პროექტის შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო წყვეტს ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებას. 

კრიტერიუმები და ვალდებულებები 

მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება პროექტის განხორციელება, პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში, არ უნდა ედოს ყადაღა და რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სახელმწიფოსგან საპრივატიზებო პირობებით შეძენის შემთხვევაში,  საპრივატიზებო პირობები უნდა იყოს სრულად შესრულებული და მიწის ნაკვეთი უნდა წარმოადგენდეს შემძენის უპირობო საკუთრებას.  

პოტენციური ბენეფიციარის დამფუძნებელს ან/და პერსონალს უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმოების სათანადო ცოდნა და გამოცდილება; 

პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი გათვლილი უნდა იყოს არანაკლებ 50% ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებაზე.

აღნიშნული პირობა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზის კომბინირებული საკვებისა და ენერგოეფექტური ღუმელების წარმოებაზე.

პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების ოდენობა არ აღემატება 1,000 ლარს ან საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. 

იხილეთ ბიზნესგეგმისა და ფინანსური უწყისების ფორმატი 

ღვინის წარმოების თანადაფინანსების შემთხვევაში:

  • პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 ჰა  ვენახი, რომელიც სააგენტოში განაცხადის წარდგენის თარიღისთვის გაშენებული უნდა იყოს არანაკლებ 10  წლის წინ;
  • ბენეფიციარი ვალდებულია, წარმოების არანაკლებ 50% უზრუნველყოს საკუთარი ნედლეულით (ყურძნით), რომელიც მიღებული იქნება ამ ვენახებიდან;
  • აღნიშნული ვენახები დასაფინანსებელი საწარმოს მდებარეობიდან დაშორებული უნდა იყოს არაუმეტეს 20 კილომეტრით;
  • ბენეფიციარმა წარმოებისათვის დარჩენილი ყურძენი უნდა შეისყიდოს ვენახ(ებ)იდან, რომელიც გაშენებულია არანაკლებ 10 წლის წინ და საწარმოს მდებარეობიდან დაშორებულია არაუმეტეს 20 კილომეტრით;
  • ბენეფიციარი ვალდებულია, თანადაფინანსების გაცემიდან მომდევნო წლის სამი სეზონის განმავლობაში გადაამუშაოს არანაკლებ 100 ტონა ყურძენი ყოველ სეზონზე და წარმოადგინოს ყოველი სეზონის ბოლოს ინფორმაცია გადამუშავებული ყურძნის შესახებ;
  • ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ვენახი, საიდანაც მიღებული ყურძენი უნდა გადაამუშაოს ბენეფიციარმა წარმოებისთვის, უნდა იყოს დაზღვეული წარმოების დაწყებიდან მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში.

ბენეფიციარი ვალდებულია:

  • პროექტის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები (მათ შორის, შენობა-ნაგებობანი) იპოთეკით და გირავნობით  დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადით. 

ამავდროულად, დასაშვებია, სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარი/მოგირავნე სესხის გამცემი ბანკია. 

  • უზრუნველყოს საწარმოს წილ(ებ)ის განკარგვის შეზღუდვის რეგისტრაცია სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ზოგადი პირობები:

  • მონაწილეობას შეძლებენ ის პოტენციური ბენეფიციარები, რომლებსაც არ აქვთ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.
  • წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა მოიცავდეს კომპონენტის შესაბამისად დასაშვები ხარჯების მთლიან ოდენობას.
  • შესაძლებელია დაფინანსდეს აუდიტორული დასკვნის საფასური, თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების არაუმეტეს 1%, მაგრამ არაუმეტეს 20,000 ლარს. თანადაფინანსების თანხა გათვალისწინებული იქნება ბენეფიციარზე გასაცემი სააგენტოს თანადაფინანსების ლიმიტში. 
  • ბენეფიციარის მიერ პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით. 
  • შესასყიდი ძირითადი საშუალებები (დანადგარი/აღჭურვილობა/ტექნიკა/იმპლემენტი) უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი).
  • პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას და ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ გაიცემა თუ: 
    • პოტენციური ბენეფიციარი ან არსებული ბენეფიციარი, მისი დამფუძნებელი, მეპაიე ან აქციონერი, ფლობს წილს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირში, რომელიც პროექტის ფარგლებში წარმოადგენს შესაბამისი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელს;
    • თავად ინდივიდუალური მეწარმე წარმოაჩენს საკუთარ თავს საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებლად;
    • პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი ან მისი წარომადგენელი არის ხელმძვანელი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში. 
    • ის ბენეფიციარები, ვისთანაც გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება, თანადაფინანსებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში არ ექნებათ მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.

ზოგადი ვალდებულებები:

  • თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, არ გაასხვისოს პროექტის ფარგლებში შექმნილი და დაფინანსებული ქონება, ასევე აღნიშნული ქონების ნაწილი ან მასთან დაკავშირებული აქტივები და მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა პროექტი.  

დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება.

  • თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს პროექტის ფუნქციონირება მხოლოდ იმ მიზნობრიობისა და პროფილის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია პროგრამითა და/ან ხელშეკრულებით.
  • მშენებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს პროექტის ფარგლებში შექმნილი შენობა/ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი.
  • უზრუნველყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით ინფორმაციის სააგენტოსთვის წარდგენა პროექტის მიმდინარეობის შესახებ. 

ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება  ან სააგენტო უფლებამოსილია განუსაზღვროს ბენეფიციარს დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად.

თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ეტაპები

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურდება წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნითა და სააგენტოს მიერ ადგილზე კონტროლის  განხორციელებით. 

მშენებლობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ საქართველოს კანონმდებლობით გაცემული მშენებლობის ნებართვა. 

არანაკლებ 200,000 ლარის ღირებულების სამშენებლო/სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა დასტურდებოდეს:

  • სსიპ - აკრედიტაციის ეროვნულო ორგანოს (აკრედიტაციის ცენტრის) მიერ აკრედიტირებული პირის დასკვნით
    ან 
  • სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით

ბენეფიციარი ვალდებულია თანადაფინანსების გაცემამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა  პროექტი დატვირთოს  იპოთეკით სააგენტოს სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

ამავდროულად, დასაშვებია სააგენტოს იპოთეკა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია სესხის გამცემი ბანკი. 

სააგენტო უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელოს ადგილზე კონტროლი და დოკუმენტური მონიტორინგი.

 

სიახლეები