- რამდენი სადაზღვევო კომპანია იღებს პროექტში მონაწილეობას?
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობას იღებს საქართველოში ლიცენზირებული შემდეგი სადაზღვევო კომპანიები: ალდაგი, სადაზღვევო კომპანია პრაიმი, არდი, თიბისი დაზღვევა, ნიუ ვიჟენ დაზღვევა, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი.
- ვფლობ საკუთრებაში 10 ჰა მიწის ფართობს, შემიძლია თუ არა პროექტში მონაწილეობის მიღება?
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვევას ექვემდებარება არა უმეტეს 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში - არა უმეტეს 50 ჰა.
- ვის უნდა მივმართო მოსავლის დასაზღვევად?მოსავლის დასაზღვევად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს.
- აუცილებელია თუ არა მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იყოს დარეგისტრირებული?მიწის ნაკვეთს უნდა გააჩნდეს საკადასტრო კოდი.
- როდის შედის სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება ძალაში?ერთწლიან კულტურებთან შემთხვევაში − თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც ნაკვეთზე ჩატარებულია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურის აგროწესებითა და აგროვადებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება, სასოფლო-სამეურნეო კულტურის 90% თანაბრად აღმოცენებულია და იმყოფება სავეგეტაციო პერიოდის მიწისზედა ორგანოების (მინიმუმ 10 სმ) განვითარების ფაზაში და მოქმედებს მოსავლის აღებამდე, სანერგე მასალის (ჩითილი) დარგვის შემთხვევაში − სანერგე მასალის (ჩითილის) ღია გრუნტში გადარგვიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა; მრავალწლიან კულტურებთან მიმართებით − თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც: - ხილი − დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ-ს დიამეტრში, გარდა ბლის, ალუბლისა და თხილისა, რომელთა შემთხვევაშიც დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ-ს დიამეტრში; - კენკრა − მცენარეს გავლილი აქვს ყვავილობის ფაზა, ნაყოფი ხდება მკვეთრადგარჩევადი და ფორმირებულია ბუჩქზე; - ყურძენი − გამოტანილია მტევანი (როდესაც მტევანი გაშლილი და ვიზუალურად გარჩევადია).
- რომელი სადაზღვევო რისკისგან არის შესაძლებელი მოსავლის დაზღვევა?აგროდაზღვევის პროგრამის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება დაზღვევის ობიექტისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეული იქნება: სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).
- ჩამონათვალში მითითებული კულტურის გარდა შესაძლებელია თუ არა სხვა კულტურის დაზღვევა?იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევა, რომელიც არ არის მითითებული დასაზღვევ კულტურათა ჩამონათვალში, მოხდება პროგრამაში მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანიასა და სააგენტოს შორის შეთანხმებით.
- ვის უნდა მიმართოს ბენეფიციარმა სტიქიური მოვლენის დადგომისას?მოვლენის დადგომისას ბენეფიციარი ვალდებულია, შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე სადაზღვევო კომპანიას ან სამინისტროს ცხელ ხაზს 24 საათის განმავლობაში სატელეფონო ზარით. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელ. ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი.
- როგორ განისაზღვრება სახელმწიფო სუბსიდირება?
ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე სააგენტოს თანამონაწილეობა შეადგენს 70%.
- რა ვადაში ხდება ზიანის შეფასება?ბენეფიციარის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, 21 კალენდარული დღის ვადაში მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში და 30 კალენდარული დღის ვადაში ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში. ამასთან, ერთი დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად კონცენტრირებულ გეოგრაფიულ ერთეულზე (მუნიციპალიტეტი) სადაზღვევო კომპანიის დაზღვეული ნაკვეთების 51% დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია ვადა გაგრძელდეს არა უმეტეს 30 კალენდარულ დღემდე.
- როდის ხდება ზიანის ანაზღაურება?მოსავლის აღების პერიოდში სასოფლო-სამეურნეო კულტურის საშუალო საბაზრო ფასის დადგენიდან 15 სამუშაო დღეში სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ბენეფიციართან გააფორმოს ანაზღაურების აქტი, ხოლო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხდება სადაზღვევო ანაზღაურების აქტის ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღეში.