- რომელ რეგიონებში ხორციელდება პროგრამა?
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ოთხი საპილოტე რეგიონი: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
- რამდენს შეადგენს პროგრამის ბიუჯეტი?
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 20,000,000.00 (ოც მილიონ) ლარს. მათ შორის: იმერეთი - 8,752,000.00 ლარი (43.76%), კახეთი - 7,126,000.00 ლარი (35.63%), გურია - 2,806,000.00 ლარი (14.03%), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1,316,000.00 ლარი (6.58%).
- განსაზღვრულია თუ არა პროგრამის ფარგლებში ღვინის მწარმოებელი საწარმოსთვის კონკრეტული ბიუჯეტი?
დაუშვებელია ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე გაიცეს პროგრამის ჯამური ბიუჯეტის 25%-ზე მეტი რეგიონულ ჭრილში.
- რომელი კომერციული ბანკებია პროგრამაში ჩართული?
- სს „ტერაბანკი“
- სს „პროკრედიტ ბანკი“
- სს „ლიბერთი ბანკი“
- სს „ბაზისბანკი“
- სს „ბანკი ქართუ“
- რა რაოდენობის სესხის აღება შეულია პოტენციურ ბენეფიციარს პროგრამის ფარგლებში?
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300,000 ლარს და არაუმეტეს 1,000,000 ლარს.
- შესაძლებელია თუ არა პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით სხვა სესხების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაცია?
დაუშვებელია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი, მოხმარდეს ბენეფიციარის სხვა სესხების რეფინანსირებას / რესტრუქტურიზაციას.
- შესაძლებელია თუ არა სესხის თანხა გამოყენებულ იქნას საბრუნავი საშუალებების შესაძენად?
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია საბრუნავი საშუალებების დაფინანსება - მხოლოდ ნედლეულის შეძენის შემთხვევაში, არაუმეტეს პროექტის ჯამური ღირებულების (სესხის თანხის) 20%-ის ოდენობით.
- მნიშვნელოვანია თუ არა პროგრამის პირობებით პოტენციური ბენეფიციარის წლიური ბრუნვა?
ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: იურიდიული პირის შემთხვევაში - გასული კალენდარული წლის განმავლობაში ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 20,000,000 ლარს, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - გასული კალენდარული წლის განმავლობაში ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 100,000 ლარს.
- შესაძლებელია თუ არა პროგრამის ფარგლებში არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება?
პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება.
- შესაძლებელია თუ არა პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების დაფინანსება?
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების დაფინანსება არ არის შესაძლებელი.
- სავალდებულოა თუ არა, რომ პოტენციური ბენეფიციარის მიერ პროექტის განხორციელება დაგეგმილი იყოს პროგრამით გათვალისწინებულ რეგიონში, სადაც რეგისტრირებულია და ოპერირებს?
პოტენციური ბენეფიციარის მიერ პროექტის განხორციელება დაგეგმილი უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებულ იმ რეგიონში, სადაც რეგისტრირებულია და ოპერირებს.
- შეუძლია თუ არა პოტენციურ ბენეფიციარს პროგრამაში მონაწილეობის მიღება თუ იგი მიწის ნაკვეთს ფლობს კერძო/სახელმწიფო იჯარით?
პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს პროგრამით გათვალისწინებულ საპილოტე რეგიონში სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან იჯარით მიღებული უნდა ჰქონდეს უძრავი ქონება (იჯარის დარჩენილი პერიოდი პროგრამაში განაცხადის წარდგენისას უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს), რომელზეც განხორციელდება სესხის თანხის ინვესტირება.
- რა პრინციპით ხდება დაფინანსების მიღება?
სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება წარდგენილი პროექტის (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 600,000 ლარისა, ამასთან პროექტის ჯამური ღირებულების (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) არაუმეტეს 30% უნდა მოხმარდეს სესხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 26 თვის განმავლობაში.
სააგენტო მოახდენს ბენეფიციარის დაფინანსების თანხის განთავსებას სესხის გამცემ კომერციულ ბანკებში ამ მიზნისთვის გახსნილ სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდება როგორც სესხის პროცენტის დაფინანსება დადგენილი გადახდის გრაფიკის და პროგრამის პირობების შესაბამისად, ასევე დაფინანსება სესხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, მას შემდეგ რაც ბენეფიციარი მოახდენს სესხი თანხის მიზნობრივად ხარჯვის და მასთან გაფორმებული დაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დადასტურებას პროგრამის პირობების შესაბამისად.