თანადაფინანსების პირობები და შეზღუდვები
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 80% უნდა მოიცავდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნას/შესყიდვას, ამასთან სესხის თანხით განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/ იურიდიული პირისაგან ან იმპორტის გზით.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის ჯამური თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000 ლარს და არაუმეტეს 1,000,000 ლარს.
სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება, წარდგენილი პროექტის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის ჯამური თანხის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500,000 ლარისა, ამასთან სააგენტოს თანადაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში.
სააგენტო მოახდენს ბენეფიციარის სესხის პროცენტის დაფინანსების თანხის განთავსებას სესხის გამცემ კომერციულ ბანკებში ამ მიზნისთვის გახსნილ სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდება სესხის პროცენტის დაფინანსება დადგენილი გადახდის გრაფიკის და პროგრამის პირობების შესაბამისად. ასევე, მას შემდეგ რაც ბენეფიციარი მოახდენს სესხის თანხის მიზნობრივად ხარჯვის და მასთან გაფორმებული დაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დადასტურებას პროგრამის პირობების შესაბამისად, იგი დამატებით მიიღებს პროცენტის დაფინანსების შემდგომ დარჩენილ სააგენტოს დაფინანსების თანხას, სესხის ჯამური მოცულობის არაუმეტეს 30%-სა, რომლის განკარგვაც ბენეფიციარს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ.
პროგრამის მონიტორინგი
ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების, სესხის თანხით შექმნილი აქტივების საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობის და მასთან გაფორმებული დაფინანსების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირების მომზადებული დასკვნა.
კომერციულმა ბანკმა დაფინანსების თანხის მიზნობრივად და პროგრამის პირობების შესაბამისად გამოყენების დასადასტურებლად სააგენტოს უნდა წარუდგინოს სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირების მომზადებული დასკვნა.
სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს ბენეფიციარების საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.