წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის თანადაფინანსება
წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა დაფინანსდება ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ამ პროგრამის ბაღების კომპონენტის ფარგლებში არ არის დაფინანსებული ან/და მოთხოვნილი მრავალწლიანი ბაღის გაშენების დაფინანსება, ფიზიკური და იურიდიული პირის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა 0,5 ჰა-ზე.
შენიშვნა: არ ფინანსდება - გაუთვალისწინებელი/ სხვა ხარჯები; გეგმიური დაგროვება; ზედნადები ხარჯები.
კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა.
სააგენტოსა და პოტენციურ ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: „რას უნდა შეიცავდეს ინვოისი“
- შევსებული განაცხადის ფორმა;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში -დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);
- მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ− საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში);
- ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მომწყობი კომპანიიდან;
- სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომ მიწის ნაკვეთი არის წყლით უზრუნველყოფილი .აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული/ ანაზღაურებული იქნება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობა და დადასტურებული იქნება მიზნობრიობის შესრულება;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული დასკვნა განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღის 2015 წლის 12 თებერვლის N 56 დადგენილების ბაღების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სააგენტოს თანადაფინანსებით ბაღების კომპონენტის ფარგლებში გაშენებულია ბაღი და დადასტურებულია მიზნობრიობის შესრულება სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე სამი თვით ადრე..
- ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.
წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულება დაფინანსდება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული დასკვნით დადასტურდება წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნობრიობის შესრულება.