შეღავათიანი აგროლიზინგი
1. აგროლიზინგის კომპონენტი ემსახურება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეღავათიანი აგროლიზინგის დაფინანსებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ქმნიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა), ან ეწევიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნებისმიერი სახით გადამუშავებას (შენახვა, დაფასოება, გადამუშავება), ან აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთ მასალებს, ასევე ის საწარმოები, რომელთაც თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებული აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსება.
2. აგროლიზინგის კომპონენტი დაფინანსდება ,,შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ კომპონენტის ბიუჯეტიდან (არ ვრცელდება თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე).
3. სააგენტო უზრუნველყოფს სალიზინგო საზღაურის ნაწილის თანადაფინანსებას ლიზინგის მიმღებთან შეთანხმების საფუძველზე.
4. სააგენტო ლიზინგის გამცემთან გააფორმებს ხელშეკრულებებს და დაადგენს ლიზინგის გამცემისთვის შესაბამისობის კრიტერიუმებს, ვადებსა და პირობებს, რომლებიც ამ უკანასკნელმა უნდა დააკმაყოფილოს სააგენტოს თანამონაწილეობის სანაცვლოდ.
5. პროექტის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე სააგენტო განახორციელებს შეღავათიანი აგროლიზინგის მიმღების (ბენეფიციარის) მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე.
6. შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:
6.1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს;
6.2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს;
6.3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოსი);
7. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროლიზინგით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ლიზინგის გამცემის მიერ ასეთი ტიპის ლიზინგის გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.
7.1 პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
8. ამ კომპონენტით დაფინანსდებიან ის საწარმოები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებაზე და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს. დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებაზე და არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.
9. ამ კომპონენტით გათვალისწინებულია ახალი და არსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვის დაფინანსება, მათ შორის:
9.1. გადამამუშავებელი საწარმოები:
9.1.1. ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;
9.1.2. ალკოჰოლური სასმელების წარმოება;
9.1.3. ჩაის, დაფნის წარმოება და დაფასოება;
9.1.4. ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;
9.1.5. ციტრუსის გადამუშავება;
9.1.6. კაკლისა და თხილის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;
9.1.7. მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;
9.1.8. მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;
9.1.9. ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
9.1.10. სასაკლაოს მოწყობა;
9.1.11. მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;
9.1.12. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება;
9.1.13. მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა), მხოლოდ თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გაცემული აგროლიზინგის შემთხვევაში;
9.1.14 ორგანული სასუქის წარმოება;
9.1.15 მაკარონის ნაწარმის წარმოება.
9.2. ინფრასტრუქტურული საწარმოები:
9.2.1. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;
9.2.2. მარცვლეულის საშრობები;
9.2.3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები;
9.2.4. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება (გარდა ქაღალდის შესაფუთი მასალების წარმოებისა);
9.2.5. ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;
9.2.6. ქვევრების წარმოება ღვინისთვის;
9.3. პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები:
9.3.1. მეცხოველეობის ფერმა;
9.3.2. მეფრინველეობის ფერმა;
9.3.3. ფრინველის საჩეკი მეურნეობა;
9.3.4. ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;
9.3.5. სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;
9.3.6. თევზის წარმოება;
9.3.7. მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;
9.3.8. საჩითილეები და სანერგეები;
9.3.9. უხერხემლო მუცელფეხებიანი ცხოველების და კრევეტების წარმოება;
9.4. ენერგოეფექტური საწარმოები:
9.4.1 ენერგოეფექტური ღუმელების წარმოება;
9.4.2. ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოები;
9.5. ტექნოლოგიური ხაზების (მათ შორის არასტაციონალური), კლიმატის შემქმნელი ტექნიკისა და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, საწველი აპარატურის, საკვების მოსამზადებელი დანადგარებისა და სხვა შეძენა, მონტაჟი, რემონტი;
9.6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა.
10. შეღავათიანი აგროლიზინგით შესაძლებელია დაფინანსდეს ლიზინგის გამცემის მიერ:
10.1. ახალი და/ან მეორადი მანქანა-დანადგარების იმპორტი;
10.2. საქართველოში უცხოური ან ადგილობრივი წარმოების ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა;
10.3. ლიზინგის გამცემის ბალანსზე არსებული მეორადი მანქანა-დანადგარების ლიზინგის მიმღებზე გადაცემა იმ პირობით, რომ ლიზინგის საგანი არ არის შეძენილი ლიზინგის მიმღებისგან ან მასთან დაკავშირებული პირისგან.
11. ამ კომპონენტის ფარგლებში დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის ლიზინგი:
11.1. მიწის ლიზინგი;
11.2. არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების ლიზინგი;
11.3. სატრანსპორტო (გარდა სპეცტექნიკისა და მისაბმელისა, ტექნიკისა და იმპლემენტისა, არასტაციონარულ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალებისა), მფრინავი (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატისა (აგროდრონი) შესხურების ფუნქციით და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატისა (აგროდრონი) აგრონომიული დანიშნულების სკანირების განხორციელებისთვის) და მცურავი საშუალებების ლიზინგი;
11.4. საოფისე ფართის ლიზინგი.
12. ერთ ბენეფიციარზე ლიზინგის გამცემის ინვესტიციის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ 20,000 ლარით და არა უმეტეს 1,500,000 ლარით (მათ შორის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გაცემული ლიზინგი), ლიზინგის გაცემის მაქსიმალური ვადა შეზღუდული არ არის.
13. შეღავათიანი აგროლიზინგის ერთი პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია გაიცეს რამდენიმე აგროლიზინგი. აღნიშნულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის ინვესტიციების ჯამური მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 20,000 ლარი და არა უმეტეს 1,500,000 ლარი.
14. პროექტის ფარგლებში, დასაშვებია ერთ ბენეფიციარზე ერთდროულად შეღავათიანი აგროკრედიტისა და შეღავათიანი აგროლიზინგის თანადაფინანსება იმ პირობით, რომ ამგვარი ლიზინგ(ებ)ისა და სესხ(ებ)ის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 1,500,000 ლარს.
15. ლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო საზღაურში გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 12%.
16. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება განისაზღვრება ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიური 12%-ის ოდენობით 48 თვის განმავლობაში, რომელსაც სააგენტო გადაუხდის ლიზინგის მიმღებს მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ.
17. შეღავათიანი აგროლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი სალიზინგო საზღაურის 4%-ს. ხოლო სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, შეღავათიანი აგროლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში − სალიზინგო საზღაურის 2%-ს.
18. ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემისთვის აღნიშნულის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
19. ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია დაარიცხოს ლიზინგის მიმღებს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული სალიზინგო საზღაურის არა უმეტეს 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სალიზინგო საზღაურის გადახდა ხდება ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით.
20. შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ფარგლებში, თანადაფინანსებული სალიზინგო ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მონიტორინგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების გარკვევის მიზნით. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
21. მიზნობრივი თანადაფინანსება ლიზინგის გამცემის ინვესტიციაზე დარიცხული სარგებლის წლიური 12%-ის ოდენობით, სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, გაიცემა მას შემდეგ, რაც ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ხელი მოეწერება ლიზინგის ხელშეკრულებას და ლიზინგის მიმღები განახორციელებს სალიზინგო საზღაურის გადახდას.
22. თუ ლიზინგის გამცემი გადაწყვეტს რომელიმე სალიზინგო პროექტის განხილვას, მას შეუძლია სააგენტოს მიმართოს თხოვნით, მიიღოს ინფორმაცია იმის თაობაზე, ხომ არ განიხილება მსგავსი პროექტი სხვა საფინანსო ინსტიტუტის ან ლიზინგის გამცემის მიერ, მაგრამ ამავდროულად ვალდებულია აცნობოს სააგენტოს თავისი პროექტის შესახებაც, ხოლო თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, არ გასცეს ლიზინგი სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.
23. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება შეწყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
23.1. ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის მთლიანი ფასის სრულად გადახდა;
23.2. ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულებითა და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ვადაგადაცილების დროს მიზნობრივი თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის გამოთხოვის შემთხვევაში - წყდება;
23.3. ლიზინგის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად იზრდება სააგენტოს მიერ დადგენილი ლიზინგის მაქსიმალური ვადა და/ან მიზნობრივი თანადაფინანსების თანხა;
23.4. ლიზინგის გამცემის მიერ დარღვეულ იქნა სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნები. ასეთ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია ლიზინგის გამცემს დააკისროს პირგასამტეხლო და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
23.5. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აგროლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში საწარმოს შეეცვალა პროფილი.
23.6. ლიზინგის გაცემისას დარღვევების დაფიქსირება. ასეთ დროს ლიზინგის გამცემს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, სააგენტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
24. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების მიმართ სააგენტოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ლიზინგის გამცემი ვალდებულია თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა გადასცეს სააგენტოს.
25. იმ შემთხვევაში, თუ სალიზინგო კომპანია დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს/პროექტის პირობებს ან სალიზინგო კომპანიის წინასწარი თანხმობით, სააგენტო უფლებამოსილია თავად მოახდინოს ლიზინგის საგნის რეალიზაცია. აღნიშნული მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია განათავსოს ლიზინგის საგნის რეალიზაციის თაობაზე ინფორმაცია საკუთარ (ან კონტრაქტორი პირის) ვებგვერდზე, სალიზინგო კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული ფასით.
26. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება საშეღავათო პერიოდი, რომელიც უნდა შეადგენდეს:
26.1. მომსახურების წლიური სარგებლის თანხაზე − არანაკლებ 12 თვეს, თუ ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან;
26.2. აგროლიზინგის ძირითად თანხაზე − არანაკლებ 24 თვეს, თუ ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.
27. დაუშვებელია ამ მუხლის 26-ე პუნქტში მითითებული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ლიზინგის გამცემის მიერ გადასახდელი თანხის კაპიტალიზაციის წესით დაანგარიშება.
28. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, დამატებით მოსთხოვოს ლიზინგის მიმღებს უზრუნველყოფის წარდგენა.
29. კომპონენტის ან ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია პარალელური სესხები ან/და პარალელური აგროლიზინგები. სხვადასხვა ვალუტაში მიმდინარე სესხების/აგროლიზინგების არსებობის შემთხვევაში, ახალი სესხის/ლიზინგის დამტკიცების მომენტისათვის ყველა სესხის/ლიზინგის ჯამური მიმდინარე ნაშთი ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით არ უნდა აღემატებოდეს 1,500,000 ლარს.