ქვეკომპონენტი - სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის დაფინანსებისათვის
ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხები გაიცემა სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის დაფინანსებისათვის.
ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს;
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).
ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობა არ უნდა იყოს 20,000 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 1,000,000 ლარს.
იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს ქვეკომპონენტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს. ამასთანავე, მიწის ნაკვეთი, რომელზეც იგეგმება მიზნობრიობის განხორციელება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (თანასაკუთრების შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანამესაკუთრის (თანამესაკუთრეების) თანხმობა სესხის თანადაფინანსების ვადის განმავლობაში ქონებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის თანადაფინანსების ვადაზე ნაკლები).
ბენეფიციარი ვალდებულია:
- მოაწყოს არანაკლებ 100 მოზარდი მსხვილფეხა პირუტყვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა (იხილეთ ბმული);
- სესხზე თანადაფინანსების მოქმედების პერიოდში შეინარჩუნოს სესხის მოცულობის (არაუმეტეს 1,500 ლარი ერთ სულზე გადაანგარიშებით) შესაბამისი სულადობა (დაკვლის ან დაცემის შემთხვევაში ბენეფიციარმა თავად უნდა უზრუნველყოს ჩანაცვლება);
- უზრუნველყოს დახურული ან ღია ტიპის ფერმის აშენება/რეკონსტრუქცია/აღჭურვა, ასევე ფერმის კრიტერიუმების დაკმაყოფილება;
- უზრუნველყოს მუნიციპალიტეტისგან რეკომენდაციის აღება ფერმის განთავსების ადგილის შესახებ, დასახლებული პუნქტისგან დაშორების გათვალისწინებით;
- უზრუნველყოს ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა, მათ შორის ნაკელის უტილიზაციის სისტემის მოწყობა;
- უზრუნველყოს ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის, წარმოების ჰიგიენის და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების გათვალისწინება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- მოქმედი ფერმის შემთხვევაში, უზრუნველყოს განაცხადის წარდგენის დროს მოქმედი ფერმა დარეგისტრირებული იყოს ბიზნეს ოპერატორად და კუთვნილი მსხვილფეხა ცხოველები დარეგისტრირებული იყოს საქართველოს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).
სესხის ოდენობა ერთ სულზე გადაანგარიშებით შეადგენს არაუმეტეს 1,500 ლარს.
ბენეფიციარი ვალდებულია, სესხის (გარდა რეფინანსირებული სესხისა) თითოეული ტრანშის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს ტრანშის სრულად გახარჯვა (სესხის თანხით განხორციელებული ნებიესმიერი შესყიდვა (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან იმპორტის გზით) და სესხის მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა სესხის ან მისი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 7 თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტო შეუჩერებს ბენეფიციარს თანადაფინანსებას, ხოლო 12 თვის გასვლის შემდეგ სააგენტოს მხრიდან წყდება თანადაფინანსება.
კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებზე სააგენტო უფლებამოსილია, განიხილოს ზემოთ განსაზღვრული ვადების ცვლილების საკითხი.
ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხ(ებ)ი გაიცემა ცხოველის სასუქი სულადობის სადგომის მოწყობისთვის შემდეგი მიზნობრიობით:
- დახურული ან ღია ტიპის ფერმის შენობის აშენება/რეკონსტრუქციის დაფინანსებისთვის;
- ფერმის აღჭურვა/ტექნიკა;
- ჭაბურღილის ან/და შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის მოწყობა;
- საკვების შესანახი შენობა-ნაგებობის მოწყობა.
- მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის ფუნქციონირებისათვის საჭირო შიდა ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსება;
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლებელია, იყოს ფიქსირებული ან მცურავი:
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 18%-ისა |
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 17%-ისა |
600,001 ლარიდან 1000,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 16%-ისა; |
მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა |
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით | არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა |
600,001 ლარიდან 1000,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა. |
სააგენტოს მონაწილეობა:
სააგენტოს მიერ არა უმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება მოხდება მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არა უმეტეს 50 თვის განმავლობაში.
კომპონენტის მიზნობრივი არეალი: საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
სესხის გაცემის პროცედურა
კომერციული ბანკი, წინასწარ სესხის გაცემამდე, წერილობით აცნობებს სააგენტოს შემდეგ მონაცემებს:
დამტკიცებული სესხის პირობები და პარამეტრები, მათ შორის:
- ბენეფიციარის დასახელება;
- საიდენტიფიკაცი ნომერი;
- სესხის თანხა;
- სესხის ვადა (თვეებში);
- სესხის მიზნობრიობა დეტალურად;
წერილს თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ახალი ფერმის აშენების შემთხვევაში - სსიპ - სოფლის მეურნებობის სამეცნიერო- კვლევით ცენტრის მიერ გაცემული ცნობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის პროექტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ და ასევე, რეკომენდაცია მუნიციპალიტეტიდან ფერმის განთავსების ადგილის შესახებ, დასახლებული პუნქტისგან დაშორების გათვალისწინებით.
- არსებული ფერმის რეკონსტრუქციის შემთხვევაში - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის არსებული მდგომარების შესახებ და სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მიერ გაცემული ცნობა მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის რეკონსტრუქციის პროექტის და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობაში აღწერილი ფერმის არსებული მდგომარების კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ. ასევე, კუთვნილი მსხვილფეხა ცხოველების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფერმის ბიზნეს ოპერატორად რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი.
კომერციული ბანკი უფლებამოსილია გასცეს დამტკიცებული სესხი მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააგენტო დაუდასტურებს პროგრამის პირობებთან შესაბამისობას.