ქვეკომპონენტი ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის
1. ქვეკომპონენტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხოლოდ ახალი, მრავალწლიანი კულტურების ბაღების, ზვრების, პლანტაციების გაშენებისათვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული საფროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას.
2. ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი − 20,000 ლარიდან 75,000 ლარამდე სესხების შემთხვევაში;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).
3. ქვეკომპონენტის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტი განისაზღვრება 20,000 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით.
4. იმისთვის, რომ პროგრამაშ მონაწილეობის მსურველმა ისარგებლოს ქვეკომპონენტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.
5. მიწის ნაკვეთი, რომელზეც იგეგმება ახალი მრავალწლიანი ბაღის გაშენება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში (სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივის შემთხვევაში, დაშვებულია სესხის თანხის ინვესტირება განხორციელდეს კოოპერატივის წევრთა/მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (თანასაკუთრების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს თანამესაკუთრის (თანამესაკუთრეების) თანხმობა სესხის თანადაფინანსების ვადის განმავლობაში ქონებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის თანადაფინანსების ვადაზე ნაკლები).
6. მონაწილე ვალდებულია სესხის თითოეული ტრანშის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს ტრანშის სრულად გახარჯვა (სესხის თანხით განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისგან ან იმპორტის გზით) და სესხის მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად ბანკში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა (გარდა რეფინანსირებული სესხისა) (500,000 ლარის ჩათვლით დამტკიცებულ სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II, III ან IVკატეგორია; 500,001 ლარიდან დამტკიცებულ სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II, ან III კატეგორია ან სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) სესხის ან მისი ტრანშის გაცემიდან 7 თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში, ბენეფიციარმა არ წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტო შეუჩერებს ბენეფიციარს თანადაფინასებას, ხოლო 12 თვის გასვლის შემდეგ სააგენტოს მხრიდან წყდება თანადაფინასება და მეორადი უზრუნველყოფა.
7. ქვეკომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა მხოლოდ ახალი ბაღების გაშენება/მოწყობისთვის (ნერგების შეძენა დასაშვებიამხოლოდ „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ადგილობრივი სანერგე მეურნეობებიდან ან/და იმპორტის გზით) შემდეგი მიზნობრიობებით:
- ხილის კურკოვანი და/ან თესლოვანი ჯიშების გაშენება;
- კაკლოვანი კულტურების გაშენება;
- კენკროვანი კულტურების გაშენება;
- ციტრუსოვნები და/ან სხვა სუბტროპიკული კულტურების გაშენება;
- ჩაი, დაფნა და/ან სხვა ტექნიკური კულტურების გაშენება;
- მრავალწლოვანი ყვავილების გაშენება;
- მერქნის მომცემი და სწრაფადმზარდი მცენარეების სახეობების გაშენება;
- სარწყავი და/ან სადრენაჟე სისტემების მოწყობა (გარდა ვაზისთვის);
- მრავალწლოვანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) მოწყობა (გარდა ვაზისთვის);
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისათვის ღობის მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალმავთული, მავთულის ბადე, ელექტროღობე), სეტყვის დამცავი სისტემების (ბადეების, საყრდენის სისტემის) რემონტი, მოწყობა, ასევე წყლის ჭაბურღილის მოწყობა, წყლის, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების წყაროებსა და კანალიზაციაზე მიერთება, განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი, მოწყობა (გარდა ვაზისა);
- მემცენარეობისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა (გარდა ვაზისთვის);
- ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული ახალი მრავალწლოვანი კულტურის კომერციულ მსხმოიარობამდე მიყვანისათვის საჭირო ყველა ხარჯის, მათ შორის საოპერაციო ხარჯის დაფინანსება.
- აუდიტორული დასკვნის საფასური, არა უმეტეს სესხის მოცულობის 1%-სა, მაგრამ არა უმეტეს 15,000 ლარისა.
- დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა (არაუმეტეს 20 000 ლარისა).
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატი (აგროდრონი) შესხურების ფუნქციით და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატი (აგროდრონი) აგრონომიული დანიშნულების სკანირების განხორციელებისთვის და მეტეო სადგურის შეძენა.
8. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა იყოს ფიქსირებული ან მცურავი:
ა) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
20,000 ლარიდან 15,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 18%-ისა |
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 17%-ისა |
600,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 16%-ისა; |
ბ) მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
20,000 ლარიდან 15,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა |
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა |
600,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა |
9. სააგენტოს მონაწილეობა:
ა) სააგენტოს მიერ არა უმეტეს 66 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება მოხდება მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არა უმეტეს 68 თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანადაფინანსების ბოლო გადახდის თარიღიდან 2 თვის გასვლის შემდგომ;
ბ) ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი
(არარეფინანსირებული/არარესტრუქტურიზებული) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არა უმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 68 თვის განმავლობაში (მაგრამ არაუგვიანეს საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანადაფინანსების ბოლო გადახდის თარიღიდან 2 თვის გასვლის შემდგომ) იმ შემთხვევაში, თუ სესხის პირველად უზრუნველყოფას წარმოადგენს მხოლოდ ის ქონება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება სესხის თანხით. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ მიიღებს დასაბრუნებელი ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არა უმეტეს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციამდე არსებული ძირითადი თანხის 50%-ს. იხ:მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისათვის ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის.
10. ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ის ყველა ის პირობა, რაც არ არის გათვალისწინებული ამ ქვეკომპონენტით, რეგულირდება ძირითადი საშულებების კომპონენტის პირობებით.